სტრატეგია აღმაშენებლის ერთერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პარტია დეტალურად განიხილავს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხს, თუმცა ამ ეტაპზე ხელს არ მოაწერს.
როგორც სერგო ჩიხლაძემ განმარტა, ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანეს ორ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტი კითხვის ნიშნებს ბადებს: გაურკვეველია პოლიტპატიმრების გამოშვებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი.
„კითხვის ნიშნები რჩება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით - რა მექანიზმითაა ორივე პატიმრის გამოშვება, აქაც კითხვის ნიშნებია. რაც შეეხება თვითმმართველობის 40%-ზე მიბმა - ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია. ეს პუნქტია მაშინ ჩასამატებელი, მაგრამ სერიოზული სამსჯელოა და ბევრი კითხვის ნიშანია, ეს პატარა ზღურბლია, ეს ნიშნავს გარანტიას ხელისუფლებისთვის. ადგილობრივ არჩევნებში 40%-ზე მეტი ვერ მიიღოს, მკვდარი უნდა იყოს. საპარლამენტო არჩევნების მიბმა თვითმმართველობის 40%-ზე ბევრ კითხვებთანაა დაკავშირებული. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ წინადადებებს", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
სერგო ჩიხლაძის თქმით, ნაადრევია მმართველი პარტიის მხრიდან რაიმე სახის დათმობაზე საუბარი მხოლოდ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით. მისი თქმით, ქართული ოცნების მხრიდან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერა მხოლოდ დიალოგისთვის მზაობას ნიშნავს.
„უცნობია, დაიხია თუ არა ოცნებამ უკან: პატიმრებზე და არჩევნებზე არ არის ნათელი სურათი და გზები მოცემული. ეს განცხადება მხოლოდ მოლაპარაკებების გაგრძელების შანსს აჩენს. კომპრომისი არის თუ არა, ჯერ არ ვიცით. განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ოცნება მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. დანარჩენი საკითხები მედიატორების თანდასწრებით უნდა გავიაროთ. ვნახოთ როგორ მივალთ შეთანხმებამდე - ბევრი დეტალია და თალაკვაძის განცხადება არაა საკმარისი.", - ამბობს ჩიხლაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს ქართული ოცნება მოაწერს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი არ მოიცავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების ბედიც, რის გამოც ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.
დოკუმენტს ხელს არ აწერენ: მეტი თავისუფლება - გირჩი, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.
მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.
დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
- მომავალი არჩევნები
ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.
იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.